World News in Georgian

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ჯერჯერობით ვერ ხერხდება 7 იანვარს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.

ხანძარმა უკვე იმსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე.

ხანძრის რაიონებიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.

ყველაზე ძლიერი ხანძარი სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პასიფიკ- პალისეიდსის რაიონშია, სადაც სახანძრო სამსახურის მონაცემებით, უკვე განადგურებულია, სულ მცირე, 1000 სახლი და სხვა შენობა.

ხანძარმა სახლები გაანადგურა პასადენასა და მალიბუშიც. მათ შორის დაიწვა მსახიობის და მომღერლის, პერის ჰილტონის სახლი.

როგორც ამერიკული მედია წერს, ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.

კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში გაანადგურა დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი.

Читайте на 123ru.net