World News in Georgian

დრონებით დარტყმის შემდეგ მეორე დღეა იწვის რუსეთის ქალაქ ენგელსის ნავთობის ბაზა

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „სამრეწველო საწარმოზე“ დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობის გაზრდის გამო. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისას ორი მეხანძრე დაიღუპა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 8 იანვარს განხორციელდა. დღეს, 9 იანვარს, ხანძრის ქრობა გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება არ ასახელებს კონკრეტულ საწარმოს, რომელზეც დრონებით შეტევა იყო.

8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ენგელსში იერიში მიიტანეს ნავთობის ბაზაზე, „კომბინატ კრისტალზე", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამ აეროდრომზე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.

Читайте на 123ru.net