World News in Georgian

ტრამპი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა საწინააღმდეგო რეპრესიების საპასუხო ზომებს

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნეს რეაგირების ვარიანტები დემონსტრანტთა საწინააღმდეგო ძალადობაზე ირანში - იმ ფონზე, როცა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მე-15-ე დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

ბოლო კვირაში ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ირანის მმართველების მიმართ, და ახლა აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა მხარდასაჭერ რამდენიმე ვარიანტს - წერენ გამოცემები Axios-ი და The New York Times-ი, ანონიმურად დატოვებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ცნობების თანახმად, ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელიმე ზომის ფორმისა თუ მასშტაბის შესახებ. The Wall Street Journal-ის თანახმად, შესაძლო ნაბიჯებს პრეზიდენტს 13 იანვარს კონკრეტულად გააცნობენ.

ამ ნაბიჯებმა შესაძლოა მოიცვას სამხედრო დარტყმები, ირანის არმიის წინააღმდეგ ფარული კიბერ იარაღის გამოყენება და ირანის ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება - წერს გამოცემა.

ამ ცნობების ფონზე უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ირანის ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტრაციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ.

აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ - დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.

11 იანვარს ნორვეგიაში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია სულ მცირე 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა პირი არასრულწლოვანი იყო.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.

ძალადობის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ თავის მომხრეებს მოუწოდა 12 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა აქციებში, რათა დაგმონ, ხელისუფლების ტერმინოლოგიით "ტერორისტული ქმედებები აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან".

Читайте на сайте