World News in Georgian

ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნიდან ორს დემეტრე ჩიქოვანსა და ა.ნ.-ს ბრალი დაუმძიმეს.
მასალაში არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანის სახელი და გვარი მისი დედის თანხმობით არის ნახსენები.
ორივე მათგანი პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვნის [ა.გ.] მეგობრები არიან.
დამძიმებული ბრალის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა დაკავებული არასრულწლოვნის, ინიციალებით დ.ჩ.-ის [დემეტრე ჩიქოვანი] დედამ, სოფო ჩიქოვანმა.
თუ პროკურატურა თავდაპირველად ამბობდა, რომ დემეტრე ჩიქოვანმა დანაშაულის შესახებ იცოდა, მაგრამ დაფარა, ახლა ამბობს, რომ ის გეგმავდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, თანაც განსაკუთრებული სისასტიკით.
ჩიქოვანის ოჯახი პროკურატურის ამ ნაბიჯს აპროტესტებს, არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორი გიორგი გვარაკიძე „საქმის ჩაფარცხვას“ დემეტრე ჩიქოვანის გაწირვით ცდილობს.
„ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ მის დედას [ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე - რ.თ.] აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო“, - ამბობს სოფო ჩიქოვანი.
გიგა ავალიანის ოჯახს 17 იანვარს საპროტესტო აქცია და შიმშილობის დაწყება ჰქონდა დაანონსებული, მთავარი პროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომის მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც მათ საქმის მასალები გადასცეს, ეკა კუპატაძემ აქციის თარიღი გადაავადა.
„მე არ მინდა აქცია აქციისთვის, მე მინდა აქცია ბრძოლისთვის, ახლა როცა საქმის მასალები მაქვს, ხალხის მონაყოლზე დაყრდნობით საუბარი აღარ მეკადრება, დეტალურად უნდა გავეცნო“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
დაზარალებული მხარისთვის საქმის მასალების გადაცემაც ახალი ამბავია. ეკა კუპატაძეს ასლები რამდენიმე დღის წინ გადასცეს. გიგა ავალიანის ოჯახს ამისთვის ორთვიანი ბრძოლა დასჭირდა. პირველ ჯერზე საქმის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა მათ ოფიციალური განცხადებით უარი უთხრა, სადაც გადაწყვეტილების არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა მიუთითა.
გიგა ავალიანის ოჯახი ამ პროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით 17 წლის დემეტრე ჩიქოვანს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულის დედა 17 იანვარს პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
რატომ ამტკიცებს სოფო ჩიქოვანი, რომ მისი შვილი უდანაშაულოა?
მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ თავდასხმის დღეს დემეტრე ჩიქოვანი ა.გ.-სთან და გ.კ.-სთან ერთად არ ყოფილა. ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეში დემეტრე ჩიქოვანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის.
17 წლის მოზარდს ინიციალებით ა.გ. ბრალი წარედგინა - ისეთი მძიმე დაზიანების მიყენება, რასაც სიკვდილი მოჰყვა [„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“].
მეორე დაკავებულს, ინიციალებით გ.რ. ბრალი დასდეს იმაში, რომ ის მძიმე დანაშაულის მომსწრე გახდა, პოლიციას კი არ შეატყობინა [„მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“].
დაკავებულების ამ ჯგუფში არც „ჯგუფური დანაშაულია სადმე ნახსენები და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.
ეკა კუპატაძე მოითხოვს საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს და პროკურატურამ აღიაროს მისი შვილის ჯგუფური მკვლელობა. ასევე, დაისაჯოს ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი.
მაშინ როცა საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა სასამართლოში. პროკურატურას კანონი ბრალის დამძიმების უფლებას აღარ აძლევს.
მთავარი ბრალდებულების ა.გ.-სა და გ.რ,-ს საქმე კი უკვე არსებითად განიხილება. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილია.
20 დეკემბერს დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მეორე არასრულწლოვანსაც [ინიციალებით ა.ნ.] დაუმძიმეს ბრალი.
სოფო ჩიქოვანისთვის ისიც ცნობილია, რომ თუ ა.ნ.-ს აქამდე პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
საქმეში დევს ა.გ-სა და ა.ნ.-ს მიმოწერა.
ა.ნ.: კარგი დაიკიდე მთავარია გაიგე, სადაც ცხოვრობს, იქნებ გამოჩნდეს
ა.გ.: ხვალ ვადგები კიდევ მაგას, სანამ ყ**ს არ დავამსგავსებ არ მოვისვენებ ხვალ უეჭველი დავითრევ
ა.ნ.: ნ**-მ რაო? რამე ხომ არ მითხრა კიდეო?
ა.გ.: კი, დავალება არ ვიცოდიო და შენი სილამაზე ვერ გიშველისო, თავზე დავაფსამ მაგას ჭრილობაზე, კარგია, ინფექცია რომ არ შეეჭრას, ცოდოა....
.... აუ როგორ გამიტყდა დღეს რომ ვერ დავითრიე იცი? ვაიმე ხვალინდელი დღე მოვიდეს, გულზე დაღი მადევს ბოზიშვილი ვიყო, ნ****ს ერთი კვირაა [ვამშვიდებ] ნუ ნერვიულობ ნუ ნერვიულობ მეთქი და ვერადავერ დავითრიე, ხვალ ჯობია ჩამბარდეს თორემ გაკვეთილზე შტურმით შევარდები
ა.ნ. იმედია უარესებს არ ეუბნება ძმა
ა.გ. გავჭრი შუბლზე, ყ**ს დავაწერ და ნეკნებს დავულეწავ... მასკა შავები და ეგ არის.., შენ არავის არ უთხრა, ვინმე დაქალს ან რამე... პოლიციამდე რომ მივიდეს, ყველას დაკითხავენ, შენც....
ა.ნ. არ ვამბობ არსად, ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის... აუ შენ მაგივრად მე მეშინია
ა.გ. ჯგუფური თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მუქარა, ყველაფერია...
ან. პიზდ
ა.გ. მე ვაფშე არ მეშინია....
რატომ შეძლო პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულოვნების ამ ჯგუფში ბრალის დამძიმება? - იმიტომ, რომ ამ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები ჯერ არ დაწყებულა და პროკურატურას სასამართლოს მიერ ორთვიანი საგამოძიებო ვადა აქვს მიცემული.
პროკურატურა რადიო თავისუფლებასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, აცხადებენ, რომ სიახლეები იქნება, თუმცა პასუხისთვის დრო სჭირდებათ.


მოკლედ28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; პროკურატურა საქმეს იძიებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას არაეფექტურობაში ადანაშაულებს.ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები, პასუხისგებაში მიეცეს.გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, მათ შორის, მტკიცებულებების არასრულყოფილი შეგროვება.

რა მოხდა2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა.
პროკურატურის ვერსიით, შუბლში მუშტის ერთი ჩარტყმა საკმარისი აღმოჩნდა, გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა. თავდამსხმელები მიიმალნენ.
ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის მეზობელმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაში დაწერა:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბრალის დამტკიცებისა და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, არასრულწლოვნებს სასჯელი ერთი მეოთხედით უმცირდებათ.
გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის გამოძიება არაეფექტურია და იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები მკაცრად დასაჯოს, მათთვის შეღავათებს ეძებს. სინამდვილეში, დანაშაული უფრო მძიმეა, ვიდრე ამას პროკურატურა ხედავს, ბრალდებულების წრე კი უფრო ფართო.

Читайте на сайте