ევროკავშირს სანქციების დაწესება სურს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანისთვის და ბალეტის რუსი მოცეკვავისთვის
ევროკავშირის ოფიციალური პირები გამოვიდნენ სანქციების დაწესების მოწოდებით რუსეთის ტელევიზიის ცნობილი ფიგურებისთვის, მათ შორის პაველ ზარუბინისთვის - სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორისთვის, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ მაამებლური მაუწყებლობით და, ამავდროულად, თითქმის შეუზღუდავი წვდომით თავად პუტინთან.
შემოთავაზებული ზომები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ეხება კიდევ ხუთ ცნობილ ფიგურას, მათ შორის ასევე ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას და სერგეი პოლუნინს - ბალეტის ცნობილ მოცეკვავეს, რომელიც უწინ მთავარი მოცეკვავე იყო ლონდონის სამეფო ბალეტში.
გავრცელებული ცნობით, ამ ზომებს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპული საბჭო, უკვე 29 იანვარს განიხილავს, ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ჯერჯერობით უცნობია დამტკიცდება თუ არა ზომები. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, უნგრეთის და სლოვაკეთის ჩათვლით, წარსულში წინააღმდეგობა აქვთ გაწეული მსგავსი ძალისხმევისთვის.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, ევროკავშირი თანდათან აფართოებს სანქციების სამიზნეთა ნუსხას. სანქციები ითვალისწინებს ქონების გაყინვას, ვიზების გაცემის აკრძალვას. სია ამჟამად მოიცავს 2500-ზე მეტ ინდივიდს, კომპანიას და სხვა უწყებებს, გაყინულია 28 მილიარდამდე ევროს ოდენობის ქონება.
ამჟამად შემოთავაზებული ზომები სხვა კატეგორიაშია, პირდაპირ არ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან - ისინი უფრო ფართოდ მიემართება "რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს". ამ დრომდე ამ კატეგორიაში შემოღებული სანქციები 60-მდე პირს და უწყებას შეეხო.