World News in Georgian

ვეფხია კასრაძე სუს-ს შვილის გატაცების დაგეგმაში ადანაშაულებს, სუს-ი პროკურატურას მიმართავს

2024 ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი შვილის გატაცებას გეგმავდა.

ტვ „პირველთან“ სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ სუს-ი მის 11 წლის შვილს სამი თვის განმავლობაში ურეკავდა და „სახლიდან გატყუების მცდელობაც ჰქონდა“.

„ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცებს საუბრობენ, მერე უთიშავენ“.

ვეფხია კასრაძის ამ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა - სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს პროკურატურას ვეფხია კასრაძის გამოკითხვის მოთხოვნით.

„ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი, არ შეიძლება, ვინმეს შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში, გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს“, - წერია სუს-ის განცხადებაში.

2025 წლის 2 სექტემბერს ვეფხია კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე და 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

Читайте на сайте