ზელენსკი: ღამის განმავლობაში უკრაინის ექვს რეგიონზე მოხდა თავდასხმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 18 იანვრის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე 201 დრონით თავდასხმა განახორციელა. მათი სამიზნე ექვსი რეგიონი იყო: სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის ოლქები.
პრეზიდენტის თანახმად, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ იმოწმებს, ათობით ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკის თქმით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა1300 დრონის, დაახლოებით 1050 მართვადი საჰაერო ბომბისა და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტის საშუალებით.
„სწორედ ამიტომ სჭირდება უკრაინას მეტი დაცვა, პირველ რიგში, მეტი რაკეტა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინისთვის და მეტი ზეწოლა აგრესორზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ 18 იანვარს.