ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლასა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას აკანონებს, "რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას".
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, რომელიც განათლების უფლებასა და აკადემიურ თავისუფლებას განსაზღვრავს. მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია".
"დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას", - ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო;სამართლის სკოლის საბჭო;საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო;ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.
მანამდე, განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა. სენატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძესთან დებატები მოითხოვა.აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 4 თებერვალს 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
კანონს დაემატა ახალი მუხლები. ცვლილებებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.
მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
დღეს, 6 თებერვალს, იგეგმება განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.