World News in Georgian

ომანში გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის

6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის - ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

ქვეყნების დელეგაციებს არ გაუმართავთ პირდაპირი მოლაპარაკება. გავრცელებული ცნობებით, ირანის დელეგაციამ - რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი - თავიანთი ხედვა გააცნეს ომანის მხარეს, რომელიც შუამავლის როლით გამოდის. ირანის პოზიცია ომანმა მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენლებს. როგორც ირანული სააგენტო, Mehr იუწყება, მოლაპარაკება გაგრძელდა არაპირდაპირ ფორმატში - ომანის წარმომადგენლები შუამავლის ფუნქციას კისრულობდნენ ორივე დელეგაციასთან.

პარასკევს დღისით გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი დასრულდა. გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მოლაპარაკების დაწყებამდე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სურდათ წამოეჭრათ ირანის არა მხოლოდ ატომური, არამედ სარაკეტო პროგრამის საკითხები, ასევე თეირანის მიერ რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხი და ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი რეპრესიების თემა. ირანის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ სარაკეტო პროგრამის საკითხის განხილვას. ამასთან, ირანელები სკეპტიკურად ლაპარაკობდნენ ვაშინგტონის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე უარის თქმის მოთხოვნაზე დათანხმების შესაძლებლობაზეც.

მოლაპარაკების შემდეგ არაყჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა ატომური პროგრამის საკითხზე იყო კონცენტრირებული.

აშშ-ის მხრიდან ომაბში ჩავიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

Читайте на сайте