World News in Georgian

PACE-სთან მოქმედი რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის წევრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) ახლახან შექმნილი, რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის წევრებმა გამოქვეყნეს პირველი ერთობლივი განცხადება, რომელიც ეძღვნება უკრაინაში ომს. პლატფორმის მონაწილეები ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, მას უწოდებენ "ფაშისტურს" და გამოდიან მოწოდებებით უკრაინის მხარდაჭერისკენ, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ აგრესიის და სხვა სავარაუდო დანაშაულებისთვის. ხელმომწერები ასევე გამოდიან მოწოდებით რუსეთის გაყინული ქონება გამოყენებული იყოს უკრაინის აღსადგენად და მხარდასაჭერად.

განცხადება სათაურით "უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისა და აგრესიისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ" გამოაქვეყნა ანდრეი ვოლნამ, პლატფორმის ერთ-ერთმა წევრმა. ჯგუფის სხვა წევრმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ დაწერა, რომ განცხადება მისი ინიციატივით მიიღეს.

"უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა - საომარი მხარდაჭერის ჩათვლით - განუყოფელი ნაწილია წინააღმდეგობისა რუსეთის აგრესიის მიმართ" - ნათქვამია დოკუმენტში. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოების და სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების, მოხალისეობრივი სტრუქტურების და ცალკეული პირების ინიციატივებს, რომლებიც მიემართება წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ" - ვკითხულობთ ტექსტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა განისაზღვრება მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომ ომის დასრულებასთან ერთად უკრაინაში მყისიერად უნდა დაბრუნდნენ სამოქალაქო მძევლები და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვები, ასევე გათავისუფლდნენ პირები, რომლებსაც რუსეთში თავისუფლება აღუკვეთეს უკრაინაში შეჭრისთვის წინააღმდეგობის გამო. განცხადების ავტორები ლაპარაკობენ ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებული, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის საგანგებო ტრიბუნალისა და საერთაშორისო კანონმდებლობის მხარდაჭერაზეც.

განცხადების ტექსტში ლაპარაკი არ არის კონკრეტულ ზომებზე, რომლებსაც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა ან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება მიმართონ უკრაინის საომარი მხარდაჭერისთვის - გარდა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებისა. განცხადება ასევე არ აფასებს აშშ-ის შუამავლობით ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა პლატფორმის 15 წევრიდან 14-მა - მათ შორის არიან გარი კასპაროვი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ოლეგ ორლოვი. დოკუმენტზე არ არის დატანილი ლიუბოვ სობოლის ხელმოწერა.

პლატფორმის შექმნის თაობაზე იანვრის ბოლოს გამოცხადდა. ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა 15 პირი, მათგან 10 რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელია, ყველა მათგანი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. პლატფორმაში გაწევრიანდა რუსეთის მკვიდრი ხალხების ხუთი წარმომადგენელიც.

PACE-მ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღო რეზოლუცია პლატფორმის შესაქმნელად დიალოგის წარმოებისთვის რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან.

პლატფორმაში მონაწილეობის ერთ-ერთი კრიტერიუმია ხელმოწერა "ბერლინის დეკლარაციაზე", რომელიც რუსმა ოპოზიციონერებმა და აქტივისტებმა 2023 წელს მიიღეს. ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სტრუქტურის, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელებმა. ისინი აკრიტიკებდნენ პლატფორმის ფორმირების პრინციპებს, კერძოდ ლაპარაკობდნენ გაუმჭვირვალობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე აღნიშნავდნენ საკუთრივ PACE-ის ასპარეზის არარელევანტურობას.

Читайте на сайте