World News in Georgian

ვისია “ლომი და მზე” - დავა ირანის ისტორიული სიმბოლოს გამო

ირანის სახელმწიფოს უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ “ლომისა და მზის” ემბლემა, ტრადიციული სიმბოლო, ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის.
ამ დროს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი დროშას ამ ნიშნით, ეროვნული სიამაყისა და თეოკრატიული მმართველობისადმი დაუმორჩილებლობის გამოსახატავად იყენებენ. ძველი ემბლემა დავის მიზეზი გახდა, თუმცა არა პირველად.
ისლამური რევოლუციის შემდეგ, „ლომი და მზე“ აიკრძალა და დაიგმო, როგორც მტარვალი ფეჰლევიანების მონარქიის გადმონაშთი.
ირანის თეოკრატიული მმართველები, იანვარში მასობრივი დემონსტრაციების და მათი სისხლში ჩახშობის შემდეგ აშკარად საფუძველშერყეული ისტებლიშმენტი ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციული „ლომისა და მზის“ სიმბოლო. დროშებს ამ ემბლემით აფრიალებენ ხოლმე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილის აქციებზე.
ქვეყნის სახელმწიფო, ირანისტიკის ფონდის დირექტორმა, ალი აქბარ სალეჰიმ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ “ლომისა და მზის” სიმბოლო ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის და დაგმო მისი გამოყენება „სხვების“ მიერ. სავარაუდოდ, ამ “სხვებში” ის სწორედ ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, ბოლო შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევის მომხრეებს გულისხმობდა.
“ლომი და მზე” ირანის ისტორიული ერთ-ერთი უცვლელი ეროვნული სიმბოლოა, რომელიც ქვეყნის 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე გამოიყენებოდა. ერთი ვერსიით, მისი წარმოშობა პლანეტებს უკავშირდება - წარმოადგენს მზისა და ლომის თანავარსკვლავედების სიმბოლოს - მაგრამ მე-12 საუკუნიდან ის მყარად დამკვიდრდა ირანულ ხელოვნებასა და კულტურაში.
თურაჯ ათაბაქი ნიდერლანდში ლაიდენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და სოციალური ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. ის თავმჯდომარეობდა “ირანის კვლევის საზოგადოებას”. მკვლევარი იხსენებს, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აიათოლა ხომეინიმ წინა სისტემის, შაჰის პერიოდის ყველა სიმბოლოს გაუქმება ბრძანა.

თურაჯ ათაბაქი განმარტავს, რომ ხომეინის სურდა შეექმნა ახალი საზოგადოება, რომლის ისტორიაც რევოლუციის დღიდან დაიწყებოდა. მაგრამ იყო თუ არ მის მიერ გაუქმებული სიმბოლო, “ლომი და მზე” მხოლოდ მონარქიის სიმბოლო?
“თუ დააკვირდებით, სიმბოლო თავისი ისტორიის სათავეს მრავალი საუკუნით ადრე, ისლამამდე, სასანიდების ეპოქამდე პოულობს, სადაც ლომის, მზის ან ორივეს კვალს ხედავთ. ის არაბების ოკუპაციის პერიოდშიც არ გამქრალა. სეფიანების დროს ლომის და მზის გამოყენება უფრო ხშირი გახდა, მწვანე, წითელი ან თეთრი ფონით. სწორედ ყაჯარების დროს ამირ ქაბირმა (ირანის მოდერნიზების ინიციატორი, ნასრედინ შაჰის დროს პრემიერმინისტრი) ბრძანა სამფეროვანი დროშის შექმნა, მწვანე, თეთრი და წითელი ფერებით. თეთრზე ლომი და მზე იყო გამოსახული, ზოგჯერ მჯდომარე ლომი, ზოგჯერ კი ფეხზე მდგომი, სამფეროვანი ლომი და მზე. ამას არაფერი აქვს საერთო ისტორიის არცერთ მონარქთან, ეს უფრო მითოლოგიასა და ასტროლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლო იყო. თითოეულ ჯგუფს თავისი ინტერპრეტაცია ჰქონდა ამ დროშის მნიშვნელობის შესახებ,” - ამბობს ათაბაქი და იმოწმებს ირანელ კონსტიტუციონალისტს, ირანის პირველი პარლამენტის წევრს, ზოროასტრული ასოციაციის თავმჯდომარეს ქეიხოსრო შაჰროხს, რომელიც ამბობდა,”ეს სიმბოლო ირანს, როგორც მიწას და ირანულობის კონცეფციას ეხება. ლომი ასადის (ლომის) თვეს აღნიშნავს და კონსტიტუცია ამ თვეში მიიღეს, ხოლო მზე, სითბო, კონსტიტუციონალიზმის სიმხურვალეა და წითელი კი, ამ რევოლუციის მოწამეთა სიმბოლოა”.
მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს სიმბოლო ირანის დროშებზე პერიოდულად ჩნდებოდა. თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ „ლომი და მზე,“ როგორც ითქვა, აიკრძალა და დაიგმო, როგორც მჩაგვრელი მონარქიის გადმონაშთი. მის ნაცვლად, ისლამურმა რესპუბლიკამ ირანის მწვანე-თეთრ-წითელი სამფეროვანი დროშა ოთხი ნახევარმთვარითა და ხმლით შეამკო, რომელსაც დიაკრიტიკული ნიშანი ამშვენებს და სიტყვა „ალაჰის“ სტილიზებულ გამოსახულებას ქმნის.
საგარეო პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების ისტორიის პირველ ეროვნულ კონგრესზე გამოსვლისას, სალეჰიმ განაცხადა, რომ სიმბოლო ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის და რომ მას აშკარად რელიგიური ფესვები აქვს.
„ჩვენ მივეცით მათ ეს “ლომი და მზე“სალეჰის წარმოდგენით, „ლომისა და მზის ფილოსოფია მომდინარეობს ალისგან (წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ირწმუნა მისი წინასწარმეტყველება), ღმერთისა და რელიგიისგან. ჩვენ მივეცით მათ ეს ლომი და მზე, ახლა მას სხვები იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენ გვეკუთვნის“, - თქვა სალეჰიმ.
„სხვებში“ სალეჰი გულისხმობდა მათ, ვინც საპროტესტო აქციებზე გამოდიან დროშით “ლომისა და მზის” გამოსახულებით. ეს არის ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელთა შორის, ბოლო შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევის მომხრეებიც არიან და სხვა ჯგუფებიც.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს ეკონომიკური პრობლემების, მათ შორის, ეროვნული ფულის გაუფასურების გამო დაიწყო, თუმცა შემდეგ გადაიზარდა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში, რომლებიც სასტიკად ჩაახშვეს, დაიღუპა ათასობით ადამიანი, ძალიან დიდია დაპატიმრებულთა რიცხვი.
“ლომი და მზე” ასევე გახდა თვალსაჩინო სიმბოლო უცხოეთში მყოფი ირანელების ერთი ნაწილისთვის, მათთვის, ვინც არა მხოლოდ შაჰის რეჟიმის აღდგენაზე ფიქრობს, არამედ მათთვისაც, ვისაც სულ სხვა ირანი სურს მომავლის სამშობლოდ.
დემონსტრანტების მხარდაჭერის ნიშნად, სოციალურმა მედია პლატფორმა X-მა 9 იანვარს გამოაცხადა, რომ ირანის დროშის ამჟამინდელ გამოსახულებას “ლომი და მზე” ჩაანაცვლებს.
სალეჰის თქმით, ირანის სახელმწიფოს კვლავ აქვს საერთაშორისო სამართლებრივი პრეტენზია “ლომისა და მზის” სიმბოლოზე.
1922 წელს შეიქმნა „წითელი ლომისა და მზის საზოგადოება“, “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” ჰუმანიტარული ორგანიზაციების ირანული ვარიანტი. 1929 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, “ლომი და მზე” აღიარებული იყო სამიდან ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოდ - “წითელ ჯვარსა” და “წითელ ნახევარმთვარესთან” ერთად.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანმა, სხვა მუსლიმური სახელმწიფოების მსგავსად, “წითელი ლომი და მზე” “წითელი ნახევარმთვარით” ჩაანაცვლა. თუმცა “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საერთაშორისო ფედერაცია მხარს უჭერს ირანის ერთადერთ იურიდიულ პრეტენზიას ტრადიციულ ემბლემაზე და მის უფლებას, გამოიყენოს, როცა კი მოისურვებს.
ნიდერლანდში დაფუძნებული მკვლევარი თურაჯ ათაბაქი თვლის, რომ ისლამური რესპუბლიკა იდენტობის გაკოტრების წინაშე დგას. ისინი ხალხს ისლამურ დემოკრატიას დაჰპირდნენ და შედეგი ეს არის. ისლამური ღირებულებები მოძველდა და სისტემა ცდილობს გამოიყენოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ მიისაკუთროს. ეს, ათაბაქის თქმით, არა მხოლოდ ემბლემას, არამედ ნაციონალისტური და ირანულ ტრადიციულ სიმღერებსაც ეხება.
მიმდინარე კამათისალეჰისთვის, რომელიც ბირთვული სფეროს ექსპერტია, ერთ დროს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, კამათი უცხო ხილი არ არის. 2025 წელს ირანისტიკის ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, თეირანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ღია წერილი დაწერეს, რომელშიც მის დანიშვნას „შეუფერებელი“ უწოდეს მისი არაკომპეტენტურობის გამო.
და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ლომისა და მზის” სიმბოლოზე კამათი მიმდინარეობს. 2020 წლის მაისში, პარლამენტის დეპუტატმა, ქოლამ ჰაიდარ ებრაჰიმ ბაისალამიმ განაცხადა: „წითელი ლომისა და მზის” ემბლემის ირანში დაბრუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით არის შესაძლებელი... წითელი ნახევარმთვარე ოსმალეთის ემბლემაა და მისით წითელი ლომითა და მზით ჩანაცვლება ისტორიული დაუდევრობა იყო“.
ექვსი წლით ადრე, 2014 წლის მაისში, ყოფილი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში უფროსმა თანაშემწემ, ალი იუნესიმ განაცხადა, რომ ძველ ირანულ დროშაზე გამოსახული ლომი და მზე „ალისა და მუჰამედის სიმბოლოებია“ და წინადადებით გამოვიდა, რომ “წითელი ნახევარმთვარე” ამ მოტივით ჩაენაცვლებინათ.

იმ დროს იუნესის განცხადებებმა ირანის პარლამენტის ზოგიერთი წევრის მწვავე რეაქცია გამოიწვია. საპასუხოდ, მკაცრმა საინფორმაციო ვებსაიტმა „მაშრექმა“ გამოაქვეყნა ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის გამოსვლის ნაწილი, სადაც მან დაგმო „უბედური „ლომი და მზე“.

„ირანის დროშა არ უნდა იყოს იმპერიული დროშა, ირანის ემბლემები არ უნდა იყოს იმპერიული ემბლემები. ისინი ისლამური ემბლემები უნდა იყოს“, - თქვა ხომეინიმ. - „ტირანის ნამოქმედარი უნდა განადგურდეს. ესენი ტირანის ნახელავია... ეს უნდა იყოს ისლამის ქმნილება“.

Читайте на сайте