World News in Georgian

მაკრონი: საფრანგეთი გაზრდის ბირთვული ქობინების რაოდენობას

გლობალური სტრატეგიული არასტაბილურობის ფონზე, საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს და გააფართოებს თანამშრომლობას ბირთვული შეკავების სფეროში სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს - 2 მარტს განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალა და აშშ-ის თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლა.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ფონზე, ადრეც იყო ლაპარაკი საფრანგეთის „ბირთვული ქოლგის“ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობა. მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ორშაბათს დაადასტურეს ბირთვულ საკითხზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. მერცის თქმით, წლის ბოლომდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის გერმანიის მონაწილეობისკენ საფრანგეთის ბირთვულ წვრთნებში.

მაკრონის თანახმად, ბოლო დროის მოვლენები აჩვენებს, რომ ბირთვული იარაღის შემცველი კონფლიქტების ალბათობა იზრდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზის ბირთვულ სახეცვლილ დოქტრინას „მოწინავე შეკავება“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთთან ბირთვული თანამშრომლობისადმი ინტერესი გამოთქვეს არა მხოლოდ გერმანიამ, არამედ ნიდერლანდმა, ბელგიამ, დანიამ და პოლონეთმაც. მან ასევე არ გამორიცხა, გარკვეულ გარემოებებში, ფრანგული ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნებში განლაგების შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გამოყენების ბრძანების გაცემა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს შეეძლება.

გარდა ამისა, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გაზრდის თავისი ბირთვული ქობინების რაოდენობას, მაგრამ ოფიციალურად არ გამოაცხადებს მას. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთს 300-ზე ოდნავ ნაკლები ქობინი აქვს.

გასულ კვირას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულეს ბირთვული იარაღის წარმოებისთვის კომპონენტების უკრაინისთვის გადაცემის მცდელობაში. სამივე ქვეყანამ უარყო ეს ბრალდებები. 2 მარტს თავის გამოსვლაში მაკრონმა არ ახსენა უკრაინასთან შესაძლო ბირთვული თანამშრომლობის საკითხი.

Читайте на сайте