World News in Georgian

ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტს კიევზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს

„არასდროს დავნებდებით პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟს!“ - აცხადებს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორი ორბანი, რომელმაც 3 მარტს, უკრაინის მიერ "დრუჟბას" მილსადენით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების განახლების საკითხზე, წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მას მოუწოდა „აამოქმედოს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმება", რომელიც, მისი სიტყვებით, უკრაინას ავალდებულებს უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების დაშვებას. უნგრეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს ბრალს სდებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაში:

„როგორც ახლახან გამოქვეყნებული სატელიტური მტკიცებულებით დადასტურდა, არ არსებობს ტექნიკური ან საოპერაციო მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლიდა მილსადენის ნორმალური მუშაობის დაუყოვნებლივ აღდგენას. უკრაინის მხარის მიერ „დრუჟბას“ მილსადენის გახსნის სურვილის არქონას წმინდად პოლიტიკური მიზეზები აქვს, რაც არის უნგრეთის მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ჩარევის განზრახვა".

ვიქტორ ორბანი ევროკომისიას უნგრეთის მხარდაჭერისა და უკრაინაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებ ევროკომისიას მხარი დაუჭიროს უნგრეთს უკრაინის მიერ გამოყენებული ენერგეტიკული ინსტრუმენტის განეიტრალებაში. მოველი, რომ ევროკომისია გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე, რომ ძირი არ გამოეთხაროს უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგოუსაფრთხოებას".

იმავე წერილში უნგრეთის ლიდერი ასეთ ფასს ადებს მის მიერ უკრაინის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მხარდაჭერას:

"მოველი, რომ ევროკომისია აამოქმედებს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმების შესაბამის მუხლებს. ვერ დავუშვებთ საგარეო ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და ყველა ასეთ მცდელობას მოვიგერიებთ. ამ სულისკვეთებით, მსურს გაცნობოთ, რომ სანამ უკრაინა არ დაუბრუნდება ნორმალურობას, ვერ დავუჭერ მხარს ევროკავშირის ვერც ერთ გადაწყვეტილებას უკრაინის სასარგებლოდ“.

„დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსეთის ნავთობის მიწოდება 2026 წლის 27 იანვრიდან შეწყდა - მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმის შედეგად ლვოვის ოლქში დაზიანდა მილსადენის მოწყობილობა ქალაქ ბროდის მონაკვეთზე. უკრაინა ტრანზიტის შეწყვეტის გაჭიანურებას დაზიანებებითა და რუსეთის განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე მისი შეკეთების სირთულით ხსნის. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კი ნავთობის მიწოდების შეწყვეტას კიევის პოლიტიკური გადაწყვეტილებას აბრალებს. უნგრეთის ლიდერი ამ დრომდე ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს და არ დაუჭირა მხარი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას.

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა რუსეთის სისტემატური სამიზნეა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა 3 მარტს "ინტერფაქს უკრაინას" განუმარტა, რომ "დრუჟბას" მილსადენის უკრაინის მონაკვეთი სერიოზულად დააზიანა იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ცეცხლმა და რომ მაღალმა ტემპერატურამ მწყობრიდან გამოიყვანა მილსადენში დამონტაჟებული სხვადასხვა სახის სენსორები და მოწყობილობები.

3 მარტის მდგომარეობით, უნგრეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბოლო ცხრა ამბიდან, ცხრავე "დრუჟბას" და უკრაინის პრეზიდენტს ეძღვნება.

3 მარტს, კრემლის ოფიციალური საიტის თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერმინისტრს შორის და ირანის გარდა მათ უკრაინაზეც ისაუბრეს:

"უკრაინაზე მოსაზრებების გაცვლისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა უნგრეთის ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიცია კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისადმი, აგრეთვე ზოგადად მისი სწრაფვა საერთაშორისო საქმეებში აწონილი და სუვერენული კურსის გატარებისკენ".

Читайте на сайте