World News in Georgian

10-მდე გაიზარდა ხარკოვზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

7 მარტს, გამთენიისას რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათ ადამიანამდე გაიზარდა. რაკეტის მოხვედრიდან მალევე შვიდი დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, კიდევ სამი ადამიანის ცხედრები შემდეგ ნანგრევებიდან ამოიტანეს. დაჭრილია სულ მცირე 15 პირი. ბალისტიკური რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს.

დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, მძიმე მდგომარეობაშია 11 წლის ბიჭი. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მუშაობას.

სარაკეტო დარტყმების შედეგად საერთო ჯამში 19 მაღალსართულიანი სახლი დაზიანდა ხარკოვის კიევის რაიონში. დაზიანებულია სკოლის შენობა და სავაჭრო პავილიონები.

გარდა ამისა, შაბათს, გამთენიისას რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევზეც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამ რაიონში იპოვნეს ჩამოვარდნილი რაკეტების ნამსხვრევები. დაშავებულები არ არიან.

ოდესის ოლქში რუსეთის დრონებმა დაარტყეს ინფრასტრუქტურის ობიექტებს, გაჩნდა ხანძრები - იუწყება ურაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური.

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დაიჭრა სამი თვის გოგო.

უკრაინის რკინიგზის კომპანია აცხადებს, რომ მასშტაბური თავდასხმების გამო როვენსკის, ვინიცისა და ჟიტომირის ოლქებში ბევრ მატარებელს მარშრუტის შეცვლა მოუწია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 509 რაკეტა და დრონი, მათგან 472 ჩამოაგდეს. 22 ადგილას აღირიცხა ცხრა რაკეტისა და 26 დრონის მოხვედრა.

7 მარტს, დილით, რუსეთმა ავიაბომბი ჩამოაგდო უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრში, დაიჭრა სულ მცირე ექვსი ადამიანი, სამი მათგანი ბავშვია - იუწყება ოლქის ადმინისტრაცია.

Читайте на сайте