World News in Georgian

ევროკომისია ვაშინგტონს მოუწოდებს დაიცვას რუსულ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვები

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა მკაცრად დაიცვას დიდი შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის ნავთობის ფასებზე, იმ ფონზე, როცა თებერვლის ბოლოდან აშშ- და ისრაელი ერთობლივ საომარ ოპერაციებს ახორციელებენ ირანის წინააღმდეგ.

"ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული G7-ის მიერ დაწესებული მაქსიმალური ფასი და შესაძლო ნაბიჯი საზღვაო გადაზიდვების ასაკრძალად, რათა რუსეთისთვის შეიზღუდოს ომის მოგება. რადგან საპირისპირო ნაბიჯები თვითგამანადგურებელი იქნება" - განაცხადა ევროკომისიის ეკონომიკურმა კომისარმა, ვალდის დომბროვსკსმა პრესკონფერენციაზე.

"ეს გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს ომი, ძირს გამოუთხრის უკრაინას, მის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და ასევე ძირს გამოუთხრის იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც აშშ და ისრაელი ირანში ცდილობენ. როგორც ვიცით, რუსეთი ამავე დროს ირანის საომარ ძალისხმევას უჭერს მხარს" - დასძენს დომბროვსკისი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა ნავთობთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვების გაუქმების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება და დაიკლოს ფასმა. "ჩვენ ზოგიერთი ქვეყნის მიმართ სანქციები გვაქვს. ვაპირებთ ეს სანქციები მოვხსნათ ჰორმუზის სრუტის გახსნამდე" - თქვა ტრამპმა.

გასულ კვირაში აშშ-მა ინდოეთს უფლება მისცა 30 დღის განმავლობაში შეისყიდოს რუსეთის ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაშია, ტანკერებზე.

ჰორმუზის სრუტე არის ერთადერთი საზღვაო მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტისთვის. აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა აკრძალა ამ დერეფნის გავლით მოძრაობა. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 150-ზე მეტი ტანკერი სრუტესთან ბლოკირებული აღმოჩნდა და ღუზა ღია ზღვაში ჩაუშვა.

Читайте на сайте