World News in Georgian

რუსეთის არმიამ, შესაძლოა, იმოქმედოს საზღვარგარეთ დაპატიმრებული რუსების დასაცავად

რუსეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ქმედებების კომისიამ დასტური მისცა სახელმწიფო სათათბიროში შეტანას კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს სამხედროების მოხმობას უცხოეთში სასამართლო დევნას დაქვემდებარებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით სამშაბათს ავრცელებენ "ინტერფაქსი" და РБК.

კანონპროექტი, როგორც РБК აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროს მიეერაა შემუშავებული და ეხება მხოლოდ იმ სასამართლოებს, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს და რომელთა კომპეტენცია არ ეფუძნება რუსეთთან საერთაშორისო შეთანხმებებს, ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

"ინტერფაქსის" წყარო აღნიშნავს, რომ პროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ფედერალურ კანონებში "მოქალაქეობისა" და "თავდაცვის" შესახებ. შესწორებები, მათ შორის, ითვალისწინებს "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების შესაძლო ექსტერიტორიულ გამოყენებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად" - იუწყება სააგენტო.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან უარის თქმას იმ სისხლის სამართლის საზღვარგარეთული სასამართლოების და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების განაჩენების აღსრულებაზე, რომელთა კომპეტენციაც არ ეფუძნება რუსეთთან შეთანხმებას, ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. რუსეთის ფედერაციის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ გრუზდევი განმარტავდა, რომ ამ კანონებს, მაგალითად, გამოიყენებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ან უკრაინის საკითხზე შესაძლო ტრიბუნალის განაჩენებთან მიმართებით.

Читайте на сайте