World News in Georgian

წინასწარი მონაცემებით, პარიზსა და მარსელში მერების არჩევნებში იმარჯვებენ მემარცხენე კანდიდატები

საფრანგეთში ჩატარებული მერების არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პარიზსა და მარსელში მემარცხენე მმართველები აირჩიეს. სოციალისტები ახანგრძლივებენ თავიანთ მეოთხედსაუკუნოვან მმართველობას პარიზში, ხოლო მარსელში ულტრამემარჯვენე ძალები მარცხდებიან.

საფრანგეთის თითქმის 35 000-ს სოფელსა და ქალაქში მუნიციპალური ლიდერები ერთი კვირის წინ აირჩიეს, თუმცა კენჭისყრას მეორე ტური დაჭირდა დაახლოებით 1500 დასახლებაში, დიდი ურბანული ცენტრების ჩათვლით.

ადგილობრივ არჩევნებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან მას მიიჩნევენ მოსახლეობის განწყობების საზომად, ასევე ფაქტორად პარტიებს შორის პოტენციური ალიანსებისთვის, ცენტრისტი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შემცვლელის ასარჩევ კენჭისყრამდე. მომავალ წელს დანიშნულ ამ არჩევნებს ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლის შანსად განიხილავენ.

პარიზში ამ დრომდე მოქმედი სოციალისტი მერის, ენ იდალგოს ყოფილმა მოადგილემ, 48 წლის ემანუელ გრეგუარმა დაამაარცხა ყოფილი მინისტრი, მემარჯვენე ორიენტაციის 60 წლის რაშიდა დატი.

დატი - რომელიც იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი და ამჟამად მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პროტეჟეა - იმედოვნებდა, რომ პარიზის მმართველობაში მემარჯვენე ძალებს მოიყვანდა და ზედიზედ გახდებოდა ამ ქალაქის მეორე ქალი მერი.

"პარიზმა გადაწყვიტა თავისი ისტორიის ერთგული დარჩენილიყო" - უთხრა გრეგუარმა თავის მომხრეებს.

მარსელის ეგზიტ-პოლების შედეგებით, მოქმედი, მემარცხენე ორიენტაციის მერი, ბენუა პაიანი ხელახლა იქნა არჩეული, რითიც მან დაამარცხა ულტრამემარჯვენეთა კანდიდატი, ფრანკ ალიზიო.

Читайте на сайте