კრემლი უარყოფს, რომ პუტინმა ბიზნესმენებს უკრაინაში ომისთვის ფული სთხოვა
კრემლში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუს ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა პუტინმა მათ შესთავაზა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბიუჯეტში ფულის შეტანა.
პუტინის პრესმდივანი პესკოვი ირწმუნება, რომ ზოგადად სახელმწიფოს დახმარების ინიციატივა ერთ-ერთი ბიზნესმენის „ოჯახური გადაწყვეტილებაა“ და პრეზიდენტი ამ ინიციატივას უბრალოდ, მიესალმა.
რუსეთის პრეზიდენტის და ბიზნესის წარმომადგენლების დახურული შეხვედრა 26 მარტს გაიმართა.რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა რუსულმა გამოცემა The Bell-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინმა ბიზნესმენებს შესთავაზა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ფული „ნებაყოფლობით“ გაიღონ, „ქვეყნისთვის მძიმე დროს ბიზნესის განძრევის“ იდეა კი ეკუთვნის სახელმწიფოს მიერ მართული ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინს.გამოცემის ინფორმაციით, 100 მილიარდი რუბლის გამოყოფის პირობა დახურულ შეხვედრაზევე დადო ოლიგარქმა სულეიმან კერიმოვმა.პუტინის და ბიზნესმენების შეხვედრის ზოგიერთი დეტალის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მაც. მისი წყაროების ცნობით, დაფინანსების მზადყოფნა გამოთქვა ოლეგ დერიპასკამაც.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს 27 მარტს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, დაადასტურებს თუ არა, რომ პუტინის და ბიზნესმენების შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაფინანსების საკითხი და, რომ იდეა „როსნეფტის“ ხელმძღვანელ სეჩინს ეკუთვნის.
პესკოვმა უარყო, რომ პუტინმა ბიზნესმენებს მსგავსი თხოვნით მიმართა, უარყო, რომ იდეა სეჩინის იყო და ისიც - რომ საუბარი იყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" ფულის გამოყოფაზე.
კრემლის პრესმდივნის მტკიცებით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მართლაც თქვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფოსთვის ძალიან მსხვილი თანხის გამოყოფას და ეს მისი „ოჯახური გადაწყვეტილებაა“, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობამ ბიზნესი 1990-იან წლებში დაიწყო და ეს დასაწყისი ასე, თუ ისე სახელმწიფოს უკავშირდებოდა, ამიტომ დღეს „ბევრი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მსგავსი შენატანები გააკეთოს“.
პესკოვის განცხადებით, ეს არ ყოფილა პუტინის ინიციატივა, მაგრამ ის ამ ინიციატივას მიესალმა. კრემლის პრესმდივანმა ინიციატორი ბიზნესმენის ვინაობა არ დაასახელა.