საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის გეო პოლიტიკურ მდებარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი.

„აბრეშუმის გზის აღდგენა ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განვითარებას. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის. ვასრულებთ მაგისტრალის მშენებლობას. ცოტა ხნის წინ შესრულდა პირველი სარკინიგზო რეისი სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყახაზეთისა და საქართველოს გავლით. ეს მარშრუტი მსხვილი კომპანიებისთვის ამცირებს სამუშაო კაპიტალის მოთხოვნას. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მეტოქეობა. ეს არის პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებს შორის. გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა - ავაშენოთ ანაკლიის პორტი. მზად გვაქვს რეფორმების დღისწესრიგი და ვაპირებთ საგადასახადო სისტემის უფრო მეტად ლიბერალიზაციას. ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ფონზე ვცდილობთ კავშირების გაუმჯობესებას მეზობელ სახელმწიფოებთან. მათ შორის რუსეთთანაც. საჭიროა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, რომ საშუალება მიეცეს ჩვენ და ყველა ქვეყანა განვითარდეს ისეთ გარემოში, სადაც ნაკლები დაძაბულობა იქნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარალელურად, პრემიერი ორმხრივ შეხვედრასაც მართავს. პრემიერი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ში პრემიერმინისტრის ვიზიტის შესაძლებლობებზე.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების პრემიერმინისტრს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

Читайте на сайте