დავა დედაქალაქის მერიასა და 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებს შორის
დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაზარალებულთა მდგომარეობა კვლავ დავის საგანია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად უმეტესმა ოჯახმა მიიღო დახმარება. თუმცა, 8 თვის შემდეგ კვლავ არის ისეთი ოჯახები, რომელთა საკითხიც გასარკვევია.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მათი სახლები საცხოვრებლად აღარ გამოდგება და ამიტომ პირველი კატეგორიის დაზარალებულები არიან. შესაბამისად, ახალი ბინის შესაძენი კომპენსაცია უნდა მიიღონ, თუმცა ეს საკითხი დაზარალებულებსა და თბილისის მერიას შორის სადავო გახდა.
ვახტანგ პეტრიაშვილის შემთხვევაში, რომელიც 13 ივნისის ღამეს დაზარალდა, საქმე ეხება ერთ ეზოში მდგომ ორ სახლს. მერია კი მათ ერთი ოჯახის შესაბამის კომპენსაციას სთავაზობს.
სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაციებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო აძლევს, რომლის ხელმძღვანელი, კარლო ლაფერაძე, სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პეტრიაშვილებს მხოლოდ ერთი ოჯახის შესაბამისი თანხა ეკუთვნით, რაც მამის მემკვიდრეებმა ერთმანეთში უნდა გადაინაწილონ.
პეტრიაშვილების ოჯახის მსგავს ვითარებაშია შონიების ოჯახიც.
არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტმა ნინო შონიას ისტორიაც შეისწავლა. რუსუდან ჭეიშვილი ამბობს, რომ ნინო შონიას ოჯახს მამამთილის ოჯახისგან დამოუკიდებელად, ცალკე კომპენსაცია ეკუთვნის.
გარდა ამისა, ორგანიზაციის იურისტებს თანხების მიზნობრიობა დაზარალებულთათვის კატეგორიების მინიჭებისთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
ავტორები: ლაშა კვესელაძე