ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს
ხურჩას ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც, მათი მოთხოვნით, უნდა დაესწრონ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და იმ სტრატეგიის შემუშავება მოხდეს, რა ნაბიჯებსაც გადადგამს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა.
ამასთან დაკავშირებით პარტიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მძიმე დანაშაულია და აუცილებელია, მასთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი.
„პოლიტიკა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს დეოკუპაციის მიმართულებით და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, იქ მცხოვრები მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით არის კრახი. ასეთ ვითარებაში, როდესაც ამგვარი დაძაბულობაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, უნდა მოიწვიოს ეს საბჭო და იქ უნდა იყოს საგანგებო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ბესიკ წერედიანმა.
„დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ აბსოლუტურად მოშლილია უსაფრთხოების და უშიშროების სისტემა, რომელიც განლაგებული იყო მთელი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ,“ - განაცხადა ბესიკ წერედიანმა.