ეს გადაწყვეტილება გამოიტანა მთავარმა პროკურორმა შუშის სასახლიდან - ზაზა ხატიაშვილი
მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. კაბელების საქმეში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, არსებულ საქმეში ბრალი დაუსაბუთებულია და პროკურატურამ ვერ მოახერხა მტკიცებულებებით დაედასტურებინა დაკავებულების ბრალეულობა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი კაბელების საქმეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ხედავს.
„ეს გადაწყვეტილება გამოიტანა მთავარმა პროკურორმა, შუშის სასახლეს მბრძანებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დეტალურად იცოდა სისხლის სამართლოს საქმის მასალები მაშინ, როცა ამ მასალებს არ აძლევდნენ ადვოკატებს. ესენი არიან პოლიტპატიმრები და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
პროკურატურასთან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები, საზოგადოების ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დაკავებას აპროტესტებენ.