"ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამოძრომას ცდილობს" - ოთარ კახიძე
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე. მისი თქმით, ხელისუფლებას ნორმალური გამოძიების პირობებში მოუწევს პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრემიერმინისტრი.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამოძრომას ცდილობს ხელისუფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანამ, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ამის მიჩქმალვამ, კერძოდ ეს არის პრემიერმინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი, აგრეთვე, მთავარი პროკურორი, მათი მონაწილეობა და გაყვანის ფაქტი მიუთითებს, რომ პატიმრობა პოლიტიკური მოტივაციით გამოიყენებოდა. ხელისუფლებას ნორმალური გამოძიების პირობებში, მოუწევს პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი და ასევე საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად ადასტურებდა გაყვანის ფაქტს“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, ფაქტიურად გატაცება, რადგან, მისი განმარტებით, არავის აქვს უფლება გამოიყვანოს საპატიმროდან ადამიანი. მისივე თქმით, ასევე უნდა დაიკითხოს იმ ცვლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას ამ გამოძიების იმედი არ აქვს.
ავტორი: ანა წერეთელი