არჩევნებზე საერთო თამაშის წესების შემოღებაზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს
წინასაარჩევნო ვითარების სტაბილიზაციისთვის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ძალებს ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდებს, რაც ძალადობრივ მეთოდებსა და სიძულვილის ენაზე უარის თქმას გულისხმობს.
პარალელურად, გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ, პოლიციას კი მოსალოდნელი დაძაბულობის პრევენციისკენ მოუწოდებს.
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი კანონის გამკაცრებას უჭერს მხარს.
ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლებას ოპონენტებზე თავდასხმის ფაქტები შეახსენეს და პრემიერის ინიციატივას "ცინიზმი" უწოდეს. საერთო თამაშის წესების შეთანხმებაზე პრემიერის მოწოდებები მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული.
გიორგი კვირიკაშვილის მოწოდება მოსწონთ თავისუფალ დემოკრატებს. ალასანიას გუნდმა პარლამენტს მათ მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი წარუდგინეს.
ქცევის კოდექსზე და პარტიებისთვის საერთო ეთიკის წესების შემუშავებაზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ამ კვირის განმავლობაში იმსჯელებს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი