რომან კაკულიას აზრით, 2015 წელს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა სწორი არ იყო

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თვმჯდომარის, რომან კაკულიას, აზრით, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა „ალბათ, სწორი არ იყო“.

საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია ბანკს უნდა ჰქონდეს და აღარ ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რომან კაკულიამ არ იცის, რა მოტივი ჰქონდა 2015 წელს ეროვნული ბანკისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას. მისი აზრით, "იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო".

„მე ვთქვი, რომ ეს, ალბათ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციების უარყოფითი მხარეები ჩვენ უფრო სხვა სეგმენტებში უნდა ვეძებოთ და არა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, პარლამენტში ამ საკითხს კვლავ განიხილავენ. მისი აზრით, მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონეტარული პოლიტიკიდან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი ძლიერი უნდა იყოს.

რომან კაკულიას განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების საკითხზე უმრავლესობის შიგნით ამ წინადადების წარდგენის შემდეგ იმსჯელებენ. მისი აზრით, დეპუტატებს საკითხში გარკვევის საშუალება უნდა მიეცეთ.

„როდესაც მთავრობა რაღაცას წარმოადგენს, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ პირდაპირ რეჟიმში არ ვაკეთოთ და არ უნდა გავაკეთოთ პირდაპირ რეჟიმში განმარტებები. ჩვენ დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა ანალიზი გავაკეთოთ ამ წარმოდგენილი წინადადებების. წინა გუნდის წევრები რა პოზიციას დაიკავებენ, მართალი რომ გითხრათ, ეს მათი საქმეა, მაგრამ საერთოდ გუნდის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ არ იყოს ალტერნატიული მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე. მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება. მე შეიძლება, ზოგიერთ გადაწყვეტილებას კამათის პროცესში თანაგუნდელებთან არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩვენ მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე,“ - აცხადებს რომან კაკულია.

მისი აზრით, ძლიერი ბანკი აუცილებელია, რათა საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის ჯანსაღი კონკურენტული გარემო იყოს.

Читайте на сайте