ე.წ. მოსმენების კანონი - ოპოზიცია უმრავლესობას ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი ოქროს შუალედზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისთვის მხარის არ დაჭერას, ოპოზიცია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას უწოდებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის უარყოფით მხარეებზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას.

„უმრავლესობას არ მოსწონს ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტმა დღეს წარმოადგინა პარლამენტში, რადგან ის ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს სააგენტოსი, რომელიც უფლებამოსილია მოსმენებზე. მათი სურვილია, რომ ეს სააგენტო იყოს მთლიანად დაქვემდებარებული სუს-ის და მთლიანად ივანიშვილის ყოფილი პირადი დაცვის უფროსის ქვეშ, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობდეს ამ სააგენტოზე და რეალურად ივანიშვილს შეეძლოს, რომ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი მოტივაციით, ნებისმიერ ჩვენთაგანს მოუსმინოს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ბრალდებებს, ისევე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებებს არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არა მოტივირებული, არამედ ემოციური ფონით იყო შექმნილი.

„ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ანა ამტკიცებდა, რომ აქ არანაირი ემოციური ფონი არ არსებობს, ჩვენ უფრო მეტად ემოციური ფონი დავინახეთ და თუნდაც ბოლომდე არ ვაღიარებდეთ ამას, ნდობასთან დაკავშირებით რაღაც გაურკვეველი ნიადაგი დავინახეთ. წესით და რიგით იმ სტრუქტურებს, რომლებიც ამ სააგენტოს აკონტროლებენ, აბსოლუტურად ყველა უნდა ენდობოდეს რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩათვლით,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

Читайте на сайте