სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო საჩივრებს 17 სასამართლო განიხილავს

საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები 17 სასამართლოში ასაჩივრებენ.


საჩივრები უკვე შეტანილია თბილისის, რუსთავის, ბოლნისის, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, მცხეთის, სიღნაღის, თეთრიწყაროს, ხაშურის, თელავის, გორის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ახალციხის, ახალქალაქის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში.


სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ მათ მიერ 29 საარჩევნო ოლქში წარდგენილი 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნის საჩივრებიდან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არცერთი არ დააკმაყოფილეს.


სადამკვირვებლო მისიის  “ჩემი ხმა” დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს 1131 საარჩევნო უბანს მუდმივად, ხოლო ასობით უბანს მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდენოდნენ.


დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:


დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე;


მარკირება არ შემოწმებულა  - 191 საარჩევნო უბანზე;


მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე;


ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე;


ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა  დაფიქსირდა - 85 უბანზე


არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე.


ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი.


საჩივრები წარადგინა სასამართლოებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“. სასამართლოში მათგან 73 ოლქის წინააღმდეგ 24 სარჩელია შესული.  


საიამ საოლქო კომისიებს 30 ოქტომბერს წარუდგინა საჩივრები, რომლებითაც ითხოვდა იმ 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.


ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა. საოლქო კომისიებმა ორგანიზაციის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.


სასამართლოს მიმართავს საჩივრებით ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო“.


„ძლიერი საქართველო“ ითხოვდს ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიებისა და ე.წ. ქვითრების სიების გასაჯაროებას. ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, ოპოზიციური პარტიის არჩერთი სარჩელი არ დააკმაყოფილი საარჩევნო საოლქო კომისიამ. 


ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.


თუ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.


26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:



„ქართული ოცნება“ - 53.931%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%; „ძლიერი საქართველო“ - 8.81%; „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.


ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.




 

Читайте на 123ru.net