"ჩვენს ქვეყანას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება,"-ბოკერია ივანიშვილზე საუბრობს
დემოკრატიის ძიებაში–ამ სახელწოდებით დებატები გაიმართა, რომელშიც მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად შეერთებული შტატების ელჩიც მონაწილეობდა. სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პოლიტიკის ცნობილი მკვლევარები დემოკრატიის გამოწვევებზე მსჯელობდნენ.
საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წინ გადადგმულ ნაბიჯებს უსვამს ხაზს.
„ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრს მიაღწია დემოკრატიის თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ ვართ ახალ საფეხურზე. ეს ის საფეხურია, როდესაც უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს ჩვენი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მმართველ გუნდს ოპოზიცია არ ეთანხმება. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარ პრობლემად არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.
„საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ ერთ მთავარ გამოწვევას აქვს სახელი დაგვარი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არა აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება. შეცვლა კი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მშვიდობიანად და რა თქმა უნდა კონსტიტუციის ფარგლებში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.