ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე დებატები მიმდინარეობს

ამ წუთებში ევროპარლამენტში დებატები იმ რეზოლუციის პროექტზე მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას ეხება.

დოკუმენტში საუბარია, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ იმ რეფორმებზე, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ითვალისწინებს. თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ გატარებული რეფორმები საკმარისი არ არის და ვერ პასუხობს სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლოა სასამართლო სისტემა იყოს გამოყენებული, რაც გაანადგურებს საქართველოს ევროპულ კურსს.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ შექმნას სასურველი თავისუფალი მედია გარემო. რეზოლუციაში ნახსენებია რუსთავი 2-ის საქმეც. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ წამყვანი ტელეარხის მფლობელთა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობის მიმართ.

რეზოლუცია კენჭისყრაზე ევროპარლამენტში ხვალ დადგება.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

Читайте на сайте