საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა შემცირდა
საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა ისევ მცირდება. ეკონომიკის სამინისტროს 10 თვის მონაცემებით, ფოთის პორტში 2014 წელს 7 მილიონი ტონა ტვირთი შევიდა, 2015 წელს კი 20%-ით ნაკლები. 6%-იანი კლებაა ბათუმის პორტშიც. თუ 2014 წელს პორტმა 5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი მიიღო, 2015 წელს 4,8 მილიონ ტონამდე შემცირდა.
კლებაა რკინიგზაზეც, სადაც 2014 წელს 14 მილიონ ტონამდე ტვირთი გადაიზიდა, 2015 წელს კი 15%-ით ნაკლები.
საერთო ჯამში ტვირთბრუნვა პორტებსა და რკინიგზაზე 30%-ით არის შემცირებული.
სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ტვირთების გადაზიდვის შემცირებას ხელისუფლება საგარეო ფაქტორებითა და რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით ხსნის. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება ქვეყნის სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.
ხელისუფლების არასწორ პოლიტიკასა და ფორმალურ მმართველობას უკავშირებენ შექმნილ ვითარებას ოპოზიციაში.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, რომელიც ამ სფეროს კურირებს, არა სახელმწიფოს, არამედ ოლიგარქის ინტერესებს ემსახურება.
ავტორი: თეონა ცხომელიძე