გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებაზე მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებაზე მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის მოქმედებებს "არაადექვატურს" უწოდებს.

ამის შესახებ ბოკერიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ქვეყანაში ინფლაცია, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

„ეს არის საერთო ეკონომიკური ვითარების საკითხი, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. მაგრამ ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც არც აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს. ამ ვითარებაში ეს ხალხი უტიფრად და თავხედურად გვეუბნება, რომ ეს არაფერია იმიტომ, რომ მათ ეს პრობლემა არ შეხებიათ. 7%-იანი ინფლაცია გამოიწვია არასწორმა ეკონომიკამ, იმპორტი და ექსპორტი ისტორიულ დაბალ ზღვარზე ჩამოვარდა და ეს ხალხი მაინც იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად არის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

ის არ გამორიცხავს, რომ ლარის გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორებმაც იმოქმედა, მაგრამ, მისი თქმით, "ქვეყანას მთავრობა იმიტომ ჰყავს, რომ საგარეო გამოწვევებს გაუმკლავდეს".

„ოქტომბერში ეს კაცი უნდა გაუშვათ. კაცი, რომელიც კომუნიზმს დაგვპირდა. ქვეყანა სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ არსებული ვითარებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამ უცნაური და ძალიან საშიში კაცის მეთაურობით მთავრობას სახლში გაუშვებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Читайте на сайте