მთავრობამ ჭკუა ვერ ისწავლა - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე, ხელისუფლების არგუმენტებს, რომ ლარის გაუფასურება აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას უკავშირდება, "არასერიოზულად" აფასებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესთან არავითარი კავშირი არა აქვს.
„მთავრობას ძველი არგუმენტებით სურს ფონს გასვლა. აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესს არავითარი კავშირი ლარის გაუფასურებასთან არა აქვს. აზერბაიჯანში არსებული სიტუაცია ლარის ამ მასშტაბის გაუფასურებას ვერ გამოიწვევდა. ჩვენ ზამთრის პერიოდში შემოგვაქვს ენერგორესურსები იმდენი, რამდენიც არ უნდა შემოგვეტანა, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ენერგოსექტორი მოკლა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, ერთი წლის წინაც იგივე პროცესები განხორციელდა, თუმცა ხელისუფლებამ „ჭკუა ვერ ისწავლა“.
„ცინიკური ვითარებაა და ერთი წლის წინაც იგივე იყო. ერთიდაიგივე წრეზე ვბრუნავთ. მთელ ამ პერიოდში მთავრობამ ჭკუა ვერ ისწავლა. ისინი რეაგირებენ მაშინ, როდესაც უკვე პრობლემის წინაშე დგებიან,“ - აცხადებ გოცირიძე.
ამასთან, გოცირიძე სავალუტო რეზერვების ხარჯვას ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიკვდილოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის გაკეთება იმას ნიშნავს, "ანემიით დაავადებულ ადამინს კიდევ სისხლი რომ გამოვუშვათ".
ის კიდევ ერთხელ აფასებს გაზპრომთან მიმდინარე პროცესს და ამ მოლაპარაკებებს "კაპიტულაციას" უწოდებს.