უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი და მუდმივმოქმედი წევრების უმრავლესობა დაესწრება

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი დაესწრება, ისევე როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების უმრავლესობა. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 29 იანვარს არის ჩანიშნული.

უშიშროების საბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრიც დაესწრება. თინა ხიდაშელის თქმით, მინისტრობის შემდეგ ის უშიშროების ყველა სხდომას ესწრება.

"რაც გავხდი უშიშროების საბჭოს წევრი ანუ მინისტრი, ყველა სხდომას ვესწრები და პირველი დღიდან ნათქვამი მქონდა, რომ რა თქმა უნდა, ეს ჩემი სამსახურის ნაწილია. 2016 წელი დადგა და ვარშავის სამიტისთვის მზადება ოფიციალური, ფორმალური ფაზა დაწყებულია. საერთაშორისო მისიებთან მე მექნება მოხსენება, გასულ კვირას დავბრუნდი ავღანეთიდან და ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ მთავარსარდალს და უშიშროების საბჭოს მდგომარეობა მოვახსენო,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

უშიშროების საბჭოს სხდომას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ვერ დაესწრება, რადგან 29 იანვარს ის საქართველოში არ იქნება. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგი ახალკაცმა, განაცხადა. 

ავტორი: ნათია გოგსაძე. 

Читайте на сайте