"ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება,“-გიგა ბოკერია აგვისტოს ომის გამოძიების დაწყებაზე საუბრობს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი იყო კაცობრიობის წინაშე დანაშაული - საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი ეს გადაწყვეტილება ჰააგის პროკურორებს უკვე 2008 წლის მოვლენების დეტალურ შესწავლას ავალდებულებს.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გამოძიების პერიოდი მოიცავს 1-ელი ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს. ანუ არა მარტო აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს ჩადენილ დანაშაულზეა ლაპარაკი, არამედ იმ პერიოდშიც, როდესაც ისინი ამზადებდნენ სამხედრო აგრესიას - გახსოვთ ალბათ თავდასხმები, დაბომბვები სოფლების, ჩვენი სამშვიდობოების მკვლელობა და უკვე პოსტ აქტიური სამხედრო მოქმედებებისა 10 ოქტომბრამდე - ყველა ის მოტაცებები და ის მკვლელობები, რაც იქნა იქ ჩადენილი და სხვა დანაშაულებები, რაც იქნა ჩადენილი საერთაშორისო სამართლის წინაშე. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიზანი ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ ისაუბრა.

„ობიექტური გამოძიება სწორედ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა უფლებების საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა ხდებოდა, აგვისტოს მოვლენების დროს - ეს ფაქტებიც იყოს სრულყოფილად გამოძიებული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Читайте на сайте