ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულს იძიებს
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულს იძიებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოს არაერთი დოკუმენტური მასალა თუ დოკუმენტი წარუდგინეს, არ გამორიცხავენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ დანაშაულში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც ამხილოს. იმ შემთხვევაში კი თუ ფედერაცია მათ დასჯაზე უარს იტყვის, შესაძლოა, ოფიციალური რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც ამოქმედდეს. თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ საქართველოს მხრიდან პროცესების სწორად და მიზანმიმართულად წარმართვის შემდეგ შეიძლება დადგეს.
რუსეთის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებები რუსეთის დუმაში გაკეთდა. მიღებული გადაწყვეტილების გამო, რუსი პოლიტიკოსები ჰააგასთან ურთიერთობის შეწყვეტასაც არ გამორიცხავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჰააგის სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა, არაობიექტურობასა და მიკერძოებაში დაადანაშაულა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, ჰააგაში მიმდინარე გამოძიება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, სადაც საქართველოს მხარემ და პირველ რიგში ხელისუფლებამ თანმიმდევრულად და შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს.
ავტორი: ეკა გაგუა