საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები არსებულ რეალობას ასახავს - ეკა გიგაური
ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, შეფასებით, ქვეყნის იმიჯისთვის არასახარბიელოა.
ამის შესახებ ეკა გიგაურმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და კონკრეტულად გიგი უგულავას საქმე მიმოიხილა.
მისი თქმით, ცხადია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაკავებები არსებობს და ეს "ქვეყნის იმიჯისთვის ცუდია“.
„ამ კონკრეტულ საქმეში, რა თქმა უნდა, შეიმჩნეოდა სახელმწიფოს დაინტერესება იმაში, რომ ეს ადამიანი, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩენილიყო პატიმრობაში და ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საფუძვლიანი. მე მგონია, რომ პროკურატურა არ იყო მზად, რომ გიგი უგულავასთვის ბრალი დაემტკიცებინა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ეცნობიან ამ საქმეებს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ,“ - აცხადებს ეკა გიგაური.
ის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში რუსთავი2-ის საქმის შესახებ არსებულ ჩანაწერებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიათავისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„ჩვენი პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები და, რა თქმა უნდა, როგორი წინასაარჩევნო გარემო იქნება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.