NDI-ის კვლევა - "ქართული ოცნება" არჩევნებს 15 პროცენტიანი რეიტინგით ხვდება

NDI-მ პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგი შემცირებულია. თუ 2013 წლის ნოემბერში მმართველი გუნდი 66 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა ეს მაჩვენებელი 15 პროცენტია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონთ. საპარლამენტო უმცირეობის ლიდერს ყველაზე მოსაწონ პოლიტიკოსად მოქალაქეთა 15 პროცენტი ასახელებს.

74 პროცენტიანი ნდობის რეიტინგიდან ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსების სიის სათავეში 4 პროცენტით გადაინაცვლა. 

ამომრჩევლის ყველაზე დიდმა ნაწილმა ამ დრომდე არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს არჩევნებზე, თუმცა რესპონდენტების უმრავლესობამ იცის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 4 პროცენტი ძალიან კარგად, 23 პროცენტი კი კარგად აფასებს, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კი 3% ძალიან კარგად, 24 % კარგად, 50% საშუალოდ აფასებს.

კვლევის მიხედვით, სამინისტროებიდან ყველაზე დადებითად ჯანდაცვის, ყველაზე უარყოფითად კი ფინანსთა სამინისტროს მუშაობა ფასდება. სახელმწიფო ინსტიტუციებში საქართველოს ჯარი ლიდერობს, ყველაზე უარყოფითად კი საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ფასდება.

ქართული ოცნების წევრები კვლევის შედეგებს, ტრადიციულად, არ ენდობიან და NDI-ის მონაცემებზე ეღიმებათ. განსხვავებულია ოპოზიციის რეაქცია. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კვლევის შედეგები 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებას ნიშნავს.

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, ირაკლი შეწირული, გიორგი მაისურაძე.

Читайте на сайте