მერაბიშვილის საქმეზე ევროპარლამენტში ქართულ დელეგაციას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდათ
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და ვანო მერაბიშვილის საქმეზე კითხვებს დღეს ქართული დელეგაცია სტრასბურგში პასუხობდა, სადაც სახელისუფლებო გუნდს ესტონეთის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებების მოსმენა მოუხდათ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„როგორც მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში, მაგრამ საქართველოსგან ველით ამ გადაწყვეტილების შესრულებას. მაქვს ყველანაირი საფუძველი, მჯეროდეს, რომ საქართველო ამას გააკეთებს,“ - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.
„გამოძიების დაწყებით საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ყველაფერი, რაც წერია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის სიმართლე,“ - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, საქართველოს პროკურატურის მიერ ძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
რესპუბლიკური პარტია კი ამ გადაწყვეტილების უკან საერთაშორისო ზეწოლას ხედავს.
„რა თქმა უნდა, საერთაშორისო გავლენა იკითხება აქ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას აქვს საერთაშორისო ვალდებულებები. ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც ადამიანი არის დამნაშავე, მაგრამ რჩება ადამიანად და ბუნებრივია, მის მიმართ შეიძლება, სახელმწიფომაც ჩაიდინოს დანაშაული და უნდა იქნას ეს გამოძიებული,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
უმრავლესობა კი პროკურატურის გადაწყვეტილებას "ადექვატურად" და "სწორ რეაგირებად" აფასებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ვინმეს დასჯაზე საუბარი ნაადრევია.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე