ქართული ოცნების მიმართ მერამდენედ არის ბრალდება, ჩვენ წავედით და გახდა რუსული, მე ამას ვერ ვხედავ - პრეზიდენტი

"ქართული ოცნების მიმართ მერამდენედ არის ბრალდება, ჩვენ წავედით და გახდა რუსული, მე ამას ვერ ვხედავ," - ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროსკეპტიკური ან ანტიევროპული ნარატივი ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა მედიაში. 

გიორგი მარგველაშვილმა რუსულ ნარატივთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, შესალოა, ანტიევროპული ნარატივის ტენდენცია გაძლიერდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ხელისუფლებას არ წაუხალისებია, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს. ტენდენციის გაძლიერების მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ "ხელისუფლება მძიმე ხელით აღარ ექცევა პოლიტიკურ ოპონენტებს", რასაც ის მიესალმება და ასევე ამბობს, რომ "რუსული პროპაგანდა ბევრად უფრო დახვეწილი გახდა". 

"თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ხედვა, თუნდაც საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, რომ ჰქონდეთ სხვანაირი ხედვა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამას არ ვიზიარებდეთ, დემოკრატია ეს არის, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი2-თან დაკავშირებითაც გააკეთა აქცენტი. 

"ძალიან მომწონს რუსთავი2, გამოკითხვების საფუძველზე არის ლიდერი მედია, მაგრამ როგორც დემოკრატიულობა, ისე პროდასავლურობა, საინტერესო ნარატივის შექმნა არამხოლოდ რუსთავი2-ში ხდება," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

Читайте на сайте