თავისუფალი დემოკრატები პროკურატურას მოუწოდებენ, დაიწყონ გამოძიება პაპუაშვილის განცხადებაზე
"არასერიოზული დამოკიდებულება," - ასე ეხმაურება პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი და დეპუტატი შალვა შავგულიძე პროკურატურის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებაზე.
ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
შავგულიძე ფიქრობს, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, განცხადების გაკეთებიდან მალევე დაეწყო გამოძიება.
"ეს არის მიუღებელი, რაც ხდება. ეს განცხადება არის ძალიან მძიმე. ის ამბობს, რომ მოსამართლეთა მიმართ დანაშაულია ჩადენილი და ეს განცხადება პროკურატურას უჩენდა ვალდებულებას, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის განცხადებაზე გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაწყებულიყო. რა განცხადებაც პროკურატურამ გააკეთა, მოვიდეს, როცა უნდა, გვითხრას დეტალები და მერე გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებასო, ძალიან არასერიოზულია. ეს არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ მმართველი ძალის პოზიციაა. ეს მათი განცხადებებიდან ჩანს," - აცხადებს დეპუტატი შავგულიძე.