მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა - კახიძე ამბობს, რომ გამოძიებას ხელი ღარიბაშვილმა და სუბარმა შეუშალეს
ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შესახებ, სადაც ის ამბობდა, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორის ბრძანებით, საკნიდან გაიყვანეს და ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, პროკურატურა კვლავ დაინტერესდა.
განახლებულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ოთო კახიძე, გამოეხმაურა.
კახიძე ამბობს, რომ გამოძიება თავის დროზე უნდა ჩატარებულიყო და ახლა ხელისუფლება საზოგადოების და ევროსასამართლოს ატყუებს.
"გამოძიება ხელისუფლებას 2013 წელს უნდა დაეწყო. ამას პირდაპირ შეუშალა ხელი მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, მტკიცებულების განადგურებაში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულების მინისტრმა, სუბარმა. დღეს საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და ევროსასამართლოს მოტყუებაა, რომ ახლა თითქოს რაღაც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ არასერიოზულია. გამოძიება ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობა ემსახურებოდა არალეგიტიმურ მიზნებს და ივანე მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მალევე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას," - აცხადებს ოთო კახიძე.
განახლებული გამოძიების ფარგლებში დღეს საგამოძიებო ორგანოში ლალი მოროშკინა დაკითხეს.