ქართული სინეკურა - მმართველი პარტიის წევრებისთვის შექმნილი შემოსავლიანი და უფუნქციო თანამდებობები
სინეკურა ლათინური ტერმინია და თბილ, შემოსავლიან და ამასთანავე უფუნქციო თანამდებობას ნიშნავს. ქართული ოცნება საკუთარ თანაგუნდელებს ასაქმებს, რაც ბიუჯეტს არც თუ იაფი უჯდება.
პირველი გადამდგარი ჩინოსანი, რომლის საპატიო პენსიაზე ხელისუფლებამ იზრუნა, თბილისის ყოფილი ვიცე მერი, ალექსანდრე მარგიშვილი იყო. მისთვის სახელდახელოდ შექმნილი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაარსებიდან 11 თვეშივე დაიხურა, რა დროისთვისაც 2 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი უკვე ათვისებული აღმოჩნდა, ძირითადად იქ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. თავად ალექსანდრე მარგიშვილის ყოველთვიური ხელფასი კი ამ ცენტრში 5000 ლარს აჭარბებდა.
კიდევ ერთი მაგალითი, ისევ თბილისის თვითმმართველობას და წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს უკავშირდება – ვეტერანთა საქმეების სამართავად გადაყვანილ ირაკლი შიხიაშვილს მალევე გაუჩნდა იდეა საქართველოში მოეწყო ებრაული კომუნალური მეურნეობის, მაშავის მსგავსი დასახლება ვეტერანებისთის. კერძო ინვესტორების ინტერესის მიუხედავად, მალევე სახელმწიფომ პროექტის 70 მილიონი ლარით დაფინანსების სურვილი გამოთქვა. თუმცა, მალე ეს პროექტიც მთავრობას არ გახსენებია.
პოლიტკური პენსიონერებისთვის ყველაზე მსუყე ლუკმა მაინც საპარტნიორო ფონდია, მისი ხელმძღვანელის წლიური 360 000 ლარიანი ხელფასი ყველაზე მაღალია საჯარო სექტორში. საპატიო სინეკურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ ლიდერს - დავით საგანელიძეს ერგო.
ბოლო მაგალითი კი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ეხება, რომლის დასასაქმებლად ხელისუფლებამ თეთნულდის განვითარების სპეციალური სამსახური შექმნა.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.