ე.წ. კაბელების საქმე - ყოფილი პრემიერის კრიტიკის საგანი ომბუდსმენის დასკვნა გახდა

კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვა დაიწყო სააპელაციო სასამართლოში. ამჯერად სხდომა პროტესტის ნიშნად ირაკლი ალასანიამ დატოვა. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა უნდობლობა გამოუცხადა.

ირაკლი ალასანიას პროტესტის მიზეზი წარსულში, მანუჩარ კაპანაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა სულხან მოლაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ამ მიზეზით დღეს დაცვის მხარემ კაპანაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სააპელაციო სარჩელის განხილვაზე, დაცვის მხარემ, კოლეგიას კიდევ 2 შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დაშვება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ბაჯელიძის მოწმის სახით დაკითხვა. სასამართლომ უჩა ნანუაშვილის დასკვნა დასაშვებად სცნო.

სწორედ უჩა ნანუაშვილის დასკვნა კაბელების საქმეზე გახდა კრიტიკის საგანი ყოფილი პრემიერის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილმა ომბუდსმენი სასამართლო საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

ივანიშვილს უჩა ნანუაშვილმა უპასუხა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დასკვნაში მოყვანილი რეკომენდაციები და კრიტიკა ბევრმა იურისტმა დადებითად შეაფასა.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

Читайте на сайте