ივანიშვილის უცვლელი სტრატეგია - "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ მთავარი პროვოკატორია
ივანიშვილის სტრატეგია არ იცვლება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელსაც ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ პროვოკატორად მიიჩნევს, მათ შორის კორცხელის ინციდენტშიც და მომხდარ დაპირისპირებაში პასუხისმგებლობას მთავარ ოპოზიციურ ძალას აკისრებს.
თუმცა, ნაციონალებთან ერთად, ზოგადად ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ივანიშვილი დღეს ვრცლად საუბრობდა.
ყოფილი პრემიერის მხრიდან პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე საუბარს ოპოზიციურ პარტიებში მწვავე შეფასება მოყვა. მათი ნაწილი ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლებას წინასაარჩევნო გარემოსა და რეგიონებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობის სრულად აღებისკენ მოუწოდებენ არასაპარლამენტო პარტიებიც.
მათი თქმით, ხელისუფლების მთავარი ფუნქცია პრევენციასთან ერთად მომხდარზე რეაგირებაა, რაც არასათანადოდ ან ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ხდება.
წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის და ზეწოლის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება ხელისუფლების მთავარ პრობლემად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროვოკაციის მუდმივ საფრთხეზე არ უნდა საუბრობდეს და ამ საფრთხის რეალურად არსებობის შემთხვევაში, სათანადო ზომებს უნდა მიმართავდეს.
ავტორი ანა წერეთელი