„ნუ წამართმევთ პარლამენტს“ - არასამთავრობო სექტორი დავით უსუფაშვილს მიმართავს

იმუშავებს თუ არა მე-9 მოწვევის პარლამენტი ქუთაისში. უნდა დაბრუნდეს თუ არა საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში. მმართველი გუნდის წევრები სავარაუდოდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებენ.

მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის დედაქალაქში გადატანით შემცირდება საპარლამენტო, საბიუჯეტო ხარჯები. გარდა ამისა, მათი თქმით, იქნება უფრო აქტიური კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

ოპოზიციის ნაწილს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მოხსნა მისაღებად არ მიაჩნია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქალაქისთვის სხვა ალტერნატიული პროექტის შეთავაზება უნდა მოხდეს, იმ შეთხვევაში თუკი პარლამენტის სხვაგან გადატანა მოხდება. 

„ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ქუთაისს რამენაირად წაადგება თუ პარლამენტი წავა ქუთაისიდან, პირიქით, ეს დიდ პერსპექტივებს დაუკარგავს ქუთაისს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგი წერეთელმა.

განსხავებულად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„თუ ის არ იქნება იქ, სადაც მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებები, მთავრობა, რომელიც უნდა აკონტროლოს მან და ყველა ის დაწესებულება, რომელთანაც ის ორგანულ კავშირშია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პარლამენტი, უკეთეს შემთხვევაში ფუნქციონირებს ნახევარი ეფექტურობით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ალასანიას თქმით, თუ პარლამენტი არ იქნება ქალაქში, მაშინ ქუთაისლებისთვის სხვა ალტერნატივის შეთავაზება უნდა მოხდეს.

„ნუ წამართმევთ პარლამენტს“ - ამ წარწერით ფლაერები უკვე მზად აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ქუთაისში. მათ საგანგებო წერილით დავით უსუფაშვილსაც მიმართეს.

არასამთავრობო სექტორის გარდა, მოსახლეობა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისს, როგორც საპარლამენტო ქალაქს, ალტერნატივა არ აქვს.

ავტორი: ნატა მახვილაძე

Читайте на сайте