თელავში დაკონსერვებული პროექტები
თელავის განვითარების პროექტის ფარგლებში ბატონის ციხე ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც 2012 წელს დაიწყო. თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ სამუშაოები შეაჩერა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, ობიექტი ტურისტებს ვეღარ იღებს.
თელავის ყოფილი გამგებელი ირწმუნება, რომ პროექტის სამი წლით დაკონსერვების მიზეზი ახალი ხელისუფლების მიერ მისი შეცვლის სურვილი იყო. თუმცა, სამუშაოები წელს ისე განაახლეს, რომ პროექტში არაფერი შეცვლილა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დღემდე გაჩერებულია, თელავის ცენტრში მდებარე სასტუმრო ინტურისტია. ის კახეთში ყველაზე დიდი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, სადაც მინიმუმ 150 ადგილობრივის დასაქმება იგეგმებოდა.
გაჩერებულია თელავის თეატრისა და პიაცა თელავის პროექტები, ასევე სასტუმრო რედისონის მშენებლობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ის ხელახლა რამდენიმე დღის წინ დაანონსა.
თელავის ყოფილი გამგებელი აცხადებს, რომ დღევანდელი მთავრობა მშენებლობების დაწყებას აანონსებს და ვერ საუბრობს ვერც ერთ დასრულებულ პროექტზე.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ამ პროექტების გაჩერებამ დასაქმების მხრივ პრობლემები კიდევ უფრო გაზარდა.