მმართველი ძალა როდესაც ნეგატივზე ატარებს კამპანიას, გამოდის, რომ ძალიან ცუდი 4 წელი გვქონდა - ნოდარ ხარშილაძე
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა, ნოდარ ხარშილაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში GFK-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ის სურათი, რომ დღეს ვერცერთი პარტია მრავალპოლუსიან ფორმატში უმრავლესობას ვერ იღებს, ეს ფაქტია და ამას რომ შესაძლოა, კრიზისები და გართულებები მოჰყვეს, ესეც ფაქტია," - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
ხარშილაძე ირაკლი კობახიძის შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარ მიღწევებზე კი არ ისაუბრა, არამედ კონკურენტების ნეგატივზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის, ალბათ, უნიკალური შემთხვევა საარჩევნო ციკლებში, როდესაც მმართველი პარტია კამპანიას ატარებს ოპოზიციური პარტიის ნეგატივზე. ეს გვაჩვენებს, რომ რამდენადაც თამამად არ უდნა ისაუბროს ქართულმა ოცნებამ ციფრებზე, რომელსაც თავდაჯერების მიზანი აქვს, სინამდვილეში საკმაოდ დიდი სტრესის ქვეშ არიან და ცდილობენ, 2012 წლის კამპანია გაიმეორონ სერიალით, ამოთხრილი საცავით, 26 მაისის საქმის გახსენებით. მმართველი ძალა როდესაც ნეგატივზე ატარებს კამპანიას, მაშინ გამოდის, რომ ძალიან ცუდი 4 წელი გვქონდა და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.