ქართული ოცნება გადამწიფებული თინეიჯერია - გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კვლევების შედეგად გამოვლენილ პროცენტულ რეიტინგებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. ის მოსალოდნელი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ამის მთავარ მიზეზად ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრს ასახელებს, რომელსაც, მისი თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს.
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკური საფრთხის სამი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი, ხუხაშვილი თქმით, ის არის, რომ ორივე პარტიას აქვს საკმაოდ მაღალი ნეგატიური რეიტინგი, რამაც შეიძლება, შექმნას სერიოზული აქტიური საპროტესტო მასა.
ხუხაშვილი ასევე ფატალურ შეცდომად აფასებს ქართული ოცნების მხრიდან მხოლოდ ენმ-ზე გაკეთებულ აქცენტსაც. ამბობს, რომ ქართული ოცნება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს, რადგან მიიჩნევენ რომ სამყარო ამ ორი პარტიისგან შედგება.
„ეს არის მათი ფატალური შეცდომა რაც აგრეთვე კრიზისის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის,“ - ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ „მათ უნდა ილოცონ, რომ რამდენიმე პარტია აღმოჩნდეს პარლამენტში, რომლებიც შეუქმნიან მათ ლეგიტიმაციას. თუ მარტო დარჩნენ ნაციონალებთან, მე ვვარაუდობ, რომ ნაციონალური მოძრაობა უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, რითაც გარდაუვალს გახდის ხელმეორე არჩევნებს. ხელმეორე არჩევნების შემთხევაში კი ქართული ოცნებიდან აღარაფერი დარჩება. დღეს ქართული ოცნების ბუნება ძალიან ჰგავს ირაკლი კობახიძის ჰაბიტუსს, ეს პარტია გადამწიფებული თინეიჯერია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.