პრეზიდენტი მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როცა ხდება როლების და ფუნქციების არევა,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ე.წ. ციანიდის საქმეში პოლიტიკოსების განცხადებებს. 

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.   

„დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ძაბავს საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, „როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია“.

არჩევანის ეთერში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მაღალჩინოსნების მხრიდან შეილახა უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული.

„მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნათლად ჩაგვაყენონ ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული, ვიღაცისთვის ნაჩვენები რაღაცა ამბების მნახველების ინფორმაციაზე დაყრდნობილნი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Читайте на сайте