World News

გიგი უგულავას განცხადებით, სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის გამოცხადების შემდეგ, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განმარტა ოპოზიციის გეგმები. როგორც ის აცხადებს, სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან:


„პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი არის დიალოგი, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტმა წამოიწყო და ჩვენ ამ დიალოგში ვმონაწილეობთ და მიგვაჩნია, რომ ზოგადად, სამი პრეზიდენტის ფორმატი, რომელზეც საუბარი იყო, გასაძლიერებელია. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან.


ამავე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის დიალოგი, როდესაც მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საშუალება მიაფუჩეჩოს საზოგადოებრივი პროტესტი ახალი წლის დღეებში გადღაბნოს ეს საზოგადოებრივი განწყობები და პროტესტი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მსურველი და ვისაც ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას [დაიწყებს შიმშილობას], ეს იქნება პერმანენტული, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. გავითვალისწინეთ ის, რომ ბევრ ადამიანს და განსაკუთრების ბავშვებს სიამოვნებთ რუსთაველზე გასეირნება და ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსთაველზე ახალი წლის დღეებში არ უნდა იყოს სამოქალაქო პროტესტი, ამიტომ, პროტესტის ლოკაცია იქნება კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდებარედ.


მესამე კომპონენტი არის საერთაშორისო წნეხი", - აცხადებს გიგი უგულავა. მისი შეფასებით, „არც უცხოელი და არაც არავინ არაფერს იზამს თუ არ დაინახა, რომ ხალხი არ შეეგუება პოლიტპატიმრებს, პრეზიდენტის ციხეში გამოკეტვას“.




რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ. მოშიმშილეების მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. ის დღეს 54 წლის გახდა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

Читайте на сайте